Saturday, June 2, 2012

ქართული შოკოლადი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 20 წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა


     ქართული შოკოლადი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 20-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა, რადგან საკონდიტრო ქარხანა "მზიური", რომელიც თბილისში მდებარეობდა, 1994-1995 წლებში განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად გაიძარცვა, ხოლო ძვირადღირებული მანქანა-დანადგარები გაიყიდა. მას შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე საკონდიტრო ქარხნის აშენების რამდენიმე მცდელობა მარცხით დამთავრდა. 2009 წელს ქარხნის მშენებლობა ასი პროცენტით ქართული ინვესტიციით განხორციელდა, ხოლო მანქანა-დანადგარები ძირითადად ევროპიდან შემოიტანეს. "ბარამბო" თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების მქონე პირველი საკონდიტრო კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელიც მარვალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. სავაჭრო ქსელში "ბარამბოს" ლოგოთი მომხმარებელი შოკოლადის ფილას, შოკოლად ბატონს, ასორტს და კარამელის კანფეტს იხილავს.
     დავით კუხარაშვილი, "ბარამბოს" აღმასრულებელი დირექტორი"ჩვენ მომხმარებელს პროდუქციას ამ კვირიდან მივაწვდით და უკვე დავიწყებთ სავაჭრო ქსელის ათვისებას როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების მასშტაბით. საგულისხმოა, რომ დეგუსტაციაზე მომხმარებელს პროდუქცია მოეწონა და იმედი გვაქვს, რომ "ბარამბოს" ასორტიმენტს კარგად მიიღებს. რაც შეეხება ხარისხს, საკონდიტრო ქარხანაში საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა-დანადგარებია და ძვირადღირებულ ნედლეულს ვიყენებთ. ჩვენი პროდუქცია კვალიფიციური სპეციალისტების მიერ არის შექმნილი."
    "ბარამბოს" პროდუქცია პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი არ არის. როგორც "24 საათს" "ბარამბოს" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით კუხარაშვილმა უამბო, "ბარამბო ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისათვის ხელმისაწვდომი იქნება. პროდუქციის ფასი იმაზე მაღალი არ იქნება, ვიდრე კონკურენტების ფასებია."
     ქართული შოკოლადის ძირითადი კონკურენტები ადგილობრივ ბაზარზე არიან იმპორტიორები უკრაინიდან და რუსეთიდან. ადგილობრივ ბაზარზე ტკბილეულის მწარმოებელი ქარხანა არ არის და, შესაბამისად, კონკურენცია ქართველ მეწარმეებთან არ შეიქმნება.
     ივერი რუაძე, "ბარამბოს" მთავარი ტექნოლოგი: "ბარამბოში" დამონტაჟებული დანადგარები ძირითადად გერმანიიდან არის ჩამოტანილი, ხოლო შოკოლადის ხაზი ბელგიურია. შესაფუთი მასალები არის იტალიური. დასაწყისისთვის წარმოებაში ჩაშვებული გვაქვს ტკბილეულის 30 სახეობა. წლის ბოლომდე ასორტიმენტს კიდევ უფრო გავამდიდრებთ. პირველ წელიწადს ავითვისებთ ადგილობრივ ბაზარს, შემდეგ კი ექსპორტზე გასვლაზეც ვიფიქრებთ. "ბარამბოში" ასი პროცენტით ქართული ინვესტიცია განხორციელდა, პროექტი 15 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ქარხნის ტერიტორია 8 ჰექტარია. უკვე დასაქმებული გვყავს 160 ადამიანი. წლის ბოლომდე მოსალოდნელია ზრდა და დაახლოებით 300-მდე ადამიანს დავასაქმებთ. საშუალო ხელფასი 500 ან 600 ლარამდეა. ბაზარზე წარმოდგენილი შოკოლადის (100-გრამიანი ფილა) ფილის ფასი 1 70 თეთრია, 1 კილოგრამი კარამელის ფასი კი 4,50-5 ლარის ფარგლებშია.



Friday, June 1, 2012

შოკოლადის შესვლა ევროპაში

ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი იყო, ვინც შოკოლადი გასინჯა. ეს მოხდა 1502 წელს, როცა გაიანას კუნძულის წარმომადგენლები კაკაოს მარცვლების ნაყენით გაუმასპინძლდნენ საპატიო სტუმარს. ცნობილია , რომ კოლუმბმა მეოთხე ექსპედიციის შემდეგ მეფე ფერდინანდს ჩამოუტანა კაკაოს მარცვლები, მაგრამ მაშინ მას არავინ მიაქცია ყურადგება, რადგან ბერი სხვა საგანძურიც იყო ჩამოტანილი.
20 წლის შემდეგ ერნან კორტესმა დაიპყრო მექსიკა და მანაც გასინჯა "კსოკოლატი". როცა კორტესმა 1519 წელს პირველად შეაბიჯა აცტეკების მიწაზე, იგი ღმერთად მიიჩნიეს და ოქროს თასით ქაფქაფა მომწარო გემოს სასმელი მიართვეს. ეს იყო კაკაოს მარცვლების ათქვეფილი ნახარში, რომელიც შეკაზმული იყო თაფლით, წიწაკით და სანელებლებით. ეს იყო პირველი შოკოლადი, რომელსაც ნელ-ნელა მიეჩვივნენ ესპანელი კონკისკადორები. ამ სასმელში მათ წიწაკა შეცვალეს ვანილით და არომატის გასაძლიერებლად დაუმატეს მუსკატის კაკალი და შაქარი.
მალე შოკოლადი ესპანელი არისტოკრატების დილის სასმელად იქცა, განსაკუთრებით კი სეფაქალებს. შოკოლადმა დაჩრდილა იმ დროს პოპულარული ჩაი და ყავაც, მაგრამ ის ისეთი ძვირი იყო, რომ მხოლოდ მდიდარ არისტოკრატებს მიუწვდებოდათ მასზე ხელი.

შემდეგი 100 წლის განმავლობაში "კსოკოლატი" ესპანეთიდან ინაცვლებს ევროპაში და ხდება ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. გერმანელი იმპერატორი კარლ V ცდილობს კაკაოს გაყიდვაზე მონოპოლია დაამყაროს, მაგრამ უკვე XVII საუკუნის დასაწყისში კონდრაბანდისტებმა დაიწყეს კაკაოთი ჰოლანდიური ბაზრების მომარაგება, და 1606 წელს ფლადრიისა და ჰოლანდიის გავლით კაკაო ჩადის იტალიაში. 9 წლის შემდეგ ესპანელი მეფის ფილიპე III-ის ქალიშვილმა ანა ავსტრიელმა პარიზში ჩაიტანა კაკაოს პირველი ყუთი.